პროექტის შესახებ

მონაცემთა ბაზა შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – HE-18-1344 ფარგლებში, რომელიც გულისხმობს არამატერიალური ქართველური კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტირებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. 

ემპირიული მასალა მოპოვებული და დოკუმენტირებულია ახალგაზრდა მეცნიერების  ნატო ახალაიასა და ზეზვა ქავთარაძის მიერ როგორც  აღნიშნული პროექტის, ასევე შოთა  რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ლინგვისტიკაში არსებული ველზე მუშაობის თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების გათვალისწინებით (Bower 2008; Gippert, Himmelman, Mosel 2006).

მონაცემთა ბაზა მოიცავს ლაზური ენის ექვსივე კილოკავის: ხოფურის, ჩხალურის, არქაბულის, ვიწურის, არტაშენულისა და ათინურის ამსახველ მასალას, რომელიც სეგმენტირებულია წინადადებებად, ზედმიწევნით თარგმნილია ქართულად, ერთვის ინგლისური თარგმანი და ტრანსლიტერაციული ვარიანტი ქართული ანბანური სისტემის მიხედვით. ტექსტები ჩაწერილია საქართველოში (ს. სარფი, ს. კვარიათი), თურქეთში (ხოფის, არქაბეს, ბორჩხის, ვიწის, არტაშენის, ათინის ილჩეები და მათი სოფლები. ასევე, ტრაპიზონი, სტამბოლი, დუზჯესა და აქჩაკოჯას ილჩეები), გერმანიასა (ბერლინი, დორტმუნდი, დუისბურგი) და აშშ-ში (ნიუ-იორკი).  ლაზი რესპონდენტები იყვნენ სხვადასხვა ასაკის, სქესის, სოციალური ფენისა თუ აღმსარებლობის ადამიანები.

ბაზაში წარმოდგენილია ტექსტების  მეტამონაცემები: მთქმელის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი), ჩაწერის ადგილი (ქვეყანა, ქალაქი, სოფელი) და დრო (რიცხვი, თვე, წელი).

აქ წარმოდგენილია: ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები (ფრაზეოლოგიზმები, ანდაზები, გამოცანები), ზეპირი ისტორიები (ენობრივი იდენტობის, ლაზური დასახლებების, მიგრაციების, ცნობილი ადამიანების… შესახებ), ყოველდღიური ყოფის ამსახველი ნარატივები… ტოპონიმების, ჰიდრონიმების, ფიტონიმების, ქვების, საყოფაცხოვრებო ნივთების ლაზური სახელწოდებანი; აღწერილია ძველი ლაზური თამაშობანი, ლაზური კერძები…  რაც  მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს მომავალი კვლევებისათვის ინტერდისციპლინური თვალსაზრისით.

ბაზა განახლებადია, რაც იძლევა საშუალებას, მუდმივად შეივსოს ახალი მონაცემებით.

ka_GEKA